თბილისი (GBC) – საქართველოს საბანკო სექტორი პანდემიას გაუმკლავდა, ომის კრიზისში მაღალ ლიკვიდობას ინარჩუნებს და სებ-ის რეგულაციებსაც უძლებს, რომელიც  სექტორს კაპიტალის სულ უფრო მეტი და მეტი ბუფერის შექმნას თხოვს.

თუმცა, ფინანსისტები ახალ ნეგატიურ ტალღას ელიან, რომელსაც მხოლოდ  განვითარებული ქვეყნები არ იწვნევენ. მას ვერც განვითარებადი სახელმწიფოები და მათ შორის მცირე ზომის ეკონომიკის მქონე საქართველო გადაურჩება.

ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე (ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი) შიშობს, რომ ქართულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნება, სექტორს ფულის მოზიდვა გაუჭირდება.

რეცესიული იმპულსები  თითქმის ერთდროულად გამოვლინდა  ევროპასა და აშშ-ში. შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი UBS გაკოტრებამდე მისულ Credit Suisse-ს ყიდულობს, გლობალური საფრთხის პრევენციისთვის, რომ მსოფლიო საფინანსო სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნოს. რის გამოც Moody’s-მა შვეიცარიული ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურში გადაიყვანა.  UBS-მა Credit Suisse თავისი აქციებით უნდა გამოისყიდოს.

ამასობაში მსხვილი ამერიკული ბანკები გაკოტრდნენ, Silicon Valley Bank და Signature.

გოჩა თუთბერიძის თქმით, ტალღას მხოლოდ უმსხვილესი ბანკები თუ გადაურჩება. პროცესი  ჩაითრევს საშუალო და მცირე ზომის ბანკებს.

ევროპულ და ამერიკულ ბანკებში ყველაფერი დეპოზიტების გადინებით დაიწყო. საანაბრე განაკვეთები მინიმუმამდეა დაწეული და  მეანაბრეები ბანკიდან გატანილ ფულს ალტერნატიულ ინსტრუმენტებში აბანდებენ, სხვადასხვა აქტივებში, მათ შორის კაპიტალის და უძრავი ქონების ბაზრებზე.

უმსხვილესი ბანკები შედარებით დაცულია იმ ნიშნით, რომ ღია ბაზარზე არიან, ფართო ოპერაციებს ასრულებენ, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ საბანკო საქმიანობით, საშუალო და მცირე ბანკებისგან განსხვავებით, რომელთა პროფილი უფრო ვიწროა.

მაგ: ერთ-ერთი მსხვილი ბანკი JPMorgan Chase & Co. ბანკებს Citigroup Inc., Bank of America Corp., Wells Fargo & Co. Morgan Stanley, Goldman Sachs Group Inc., U.S. Bancorp и PNC Financial Services Group Inc სთავაზობს ერთობლივად იმუშაონ First Republic Bank-ის გადარჩენის სქემაზე.

First Republic Bank-მა 10 დღეში კაპიტალიზაციის 3/4  დაკარგა. კაპიტალი $21 მლრდ-დან, $5 მილიარდამდე შეუმცირდა.

გოჩა თუთბერიძეს ამირეკელი და ევროპელი დეპოზიტარების ქცევასთან პარალელი არარელევანტურად მიაჩნია, იმის მიუხედავად, რომ საანაბრე განაკვეთები საქართველოშიც მინიმალურ ზღვარზეა, მ.შ. ევროზე ნულოვანიც კი. 

სექტორი მეანაბრეებს არ დაკარგავს, რადგან ჩვენ ქვეყანაში ფულის დაბანდების ალტერნატიული ინსტრუმენტები არ არის, მ.შ. კაპიტალის ბაზრის, რომელიც განუვითარებელია.

ამასთან ვერ დარდება იმიტომაც, რომ სხვადასხვა მასშტაბია. დეპოზიტების მოცულობა თუ აშშ-ის მშპ-ს რამდენჯერმე აღემატება. ქართველი ფიზ და იურიდიული პირების დანაზოგები, მიმდინარე დეპოზიტების ჩათვლით,  ქვეყნის მშპ-ს 80%-საც არ აღწევს.