თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ–ერთი მიზეზი იყო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილი.

ჟურნალისტსა და პრემიერს შორის შემდეგი დისკუსია გაიმართა:

ჟურნალისტი: – თქვენი აზრით, რუსეთი რატომ შეიჭრა უკრაინაში 2022 წელს?

ღარიბაშვილი: – ვფიქრობ, მიზეზი ყველამ იცის.

ჟურნალისტი: – არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ღარიბაშვილი: – ჩემი აზრით. თქვენ და მთელმა აუდიტორიამ კარგად იცის. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება, მართალია? და ბევრი სხვა მიზეზიც.

ჟურნალისტი: – თქვენ ფიქრობთ, რომ NATO-ს გაფართოებამ მოახდინა ომის პროვოცირება?

ღარიბაშვილი: – არ მინდა სპეკულირება და რუსეთის მთავრობის განცხადებების ციტირება. მაგრამ ერთ–ერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი. შესაბამისად, შედეგებს ვხედავთ.

მანამდე, სამშაბათს, GLOBSEC–ის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.

„ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში - ეს არის რეალობა, ამიტომ აქცენტი ჯობია გავაკეთოთ გაერთიანებაზე ოპოზიციის და მთავრობის. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს. აი ეს - „გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთან" - ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ამიტომ ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ დარბაზისთვის მინდა განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.