თბილისი (GBC) – 2023 წლის I კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (35.6) დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.

ISET-ს კვლევის მიხედვით, გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 5.6-ით შემცირდა და 22.3 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა. კერძოდ - ყველაზე მაღალ ზრდას ფასებთან მიმართებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ელიან. მიზეზი გაზრდილი მოთხოვნაა. დეველოპერების ნაწილი ელის რომ 2023 წლისთვის ფასი საშუალოდ 15-20%-ით გაიზრდება. ყველაზე ნაკლებად ფასების ზრდას რითეილ სექტორი ელის.

გამოკითხული კომპანიების 30% ელის რომ მომდევნო 3 თვეში პროდუქცია დამატებით გაძვირდება, ფასის შემცირებას გამოკითხული კომპანიების 7% ელის, ხოლო არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას 64% ელის.

I კვარტალისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მცირე და საშუალო ბიზნესები კი ძირითად გამოწვევებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ.