თბილისი (GBC) – რუსეთში ადგილობრივი წარმოების ლუდზე 1–ლი აპრილიდან აქციზის 8–15%–იანი გაძვირების მოლოდინი ქართული ლუდის მწარმოებლებს, რომლებსაც პროდუქცია რუსეთშიც გააქვთ ექსპორტზე, განსაკუთრებულ იმედებს არ აძლევს. კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძიკაშვილმა გვითხრა, რომ იმდენად მცირე მოცულობით გადის მათი წარმოებული ლუდი რუსულ ბაზარზე, რომ ზემოხსენებული ცვლილებები კომპანიისთვის ბევრს არაფერს შეცვლის.

ნიკოლოზ ხუნძიკავშილის თქმით, „ნატახტარს“ ექსპორტზე, ძირითადად, ლიმონათი გააქვს. შესაბამისად, კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის (ლუდი, ლიმონათი) საექსპორტო ფასებზე რუსეთში მოსალოდნელი საფასო ცვლილებები პრაქტიკულად არ აისახება.

„რაც შეეხება ლუდს, იგი მცირე რაოდენობით გააქვს „ნატახტარს“ და დაახლოებით 1,5 მილიონი ლიტრია ექსპორტირებული რუსეთში, რომელსაც, ძირითადად, ჰორეკა სექტორი ყიდულობს. თუ გაიზრდება აქციზის ფასი, თავის მხრივ, „ნატახტარიც“ გააძვირებს თავის პროდუქციას“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძიკაშვილმა.

საქსტატის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წელს იანვარში და თებერვალში ექსპორტზე  სულ  $502.15 ათასი ღირებულების ალაოს ლუდი გავიდა, რაც შეეხება არაალკოჰოლურ ლუდს, 0.5%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით, იანვარ-თებერვალში ექსპორტზე $155.57-ის გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემების თანახმად 2024 წლის იანვარ-თებერვლში არაალკოჰოლური ლუდი, 0.5%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით  $175.61 ათასის შემოვიდა საქართველოში, ხოლო ალაოს ლუდი $601 ათასის.

მანამდე, მარტში, რუსეთის ფედერაციის საცალო ვაჭრობის ორგანიზაციაში  განაცხადეს, რომ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ლუდის ფასების ზრდა ბუნებრივია, რადგან ნედლეულის ღირებულებასთან ერთად იზრდება ლოგისტიკის ხარჯებიც.