თბილისი (GBC) - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 53.4 მილიონ ლარიან ტენდერს აცხადებს.
ტენდერი ეხება „საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შენობის სრულ სამშენებლო-სარემონტო და საინჟინრო სამუშაოებს.
ტენდერის ფარგლებში უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: მობათქაშება,კარებისა და ფანჯრების და მათთან დაკავშირებული კომპონენტების მონტაჟი, კარ-ფანჯრების გარდა, სხვა ლითონკონსტრუქციების მონტაჟი, არალითონის კონსტრუქციების მონტაჟი, იატაკისა და კედლის საფარის დაგება,ღებვა და შემინვა.
პროექტი არის ორენოვანი, შესაბამისად სავალდებულოა ყველანაირი დოკუმენტაციის წარმოება ორივე ენაზე - ქართულად და ინგლისურად.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 420 კალენდარული დღის (14 თვე) ვადაში. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წელი.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების არანაკლებ 110 მილიონი ლარის ღირებულების გამოცდილება.
ტენდერში წინადადებების მიღება 22 მარტს დაიწყო და 19 აპრილამდე გაგრძელდება.