თბილისი (GBC) – ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, ტექინსპექტირების საფასური გადასახედია. როგორც მან „კომერსანტთან“ განაცხადა, სექტორი სხვადასხვა მიზეზის გამო ტექინსპექტირების მომსახურების საფასურის 50%-ის ფარგლებში გაზრდას მოითხოვს.
მისი თქმით, აღნიშნული მომსახურება სათანადო დონეზე რომ ჩატარდეს, აუცილებელია ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის განახლება, რაც დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ამავდროულად ბოლო პერიოდში შეიმჩნევა სექტორიდან კადრების აქტიური გადინება, რაც ბიზნესს დამატებით სირთულეებს უქმნის. ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც საჭიროა ფინანსების მობილიზება.
სწორედ ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირმა ტექინსპექტირების ღირებულების გაზრდის ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა.
„იქიდან გამომდინარე, რომ 5 წლის თავზე ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და ამ პერიოდში სექტორიდან კადრების გადინების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ეკონომიკის სამინისტროსთან დავაყენეთ მომსახურების საფასურის გაზრდის ინიციატივა და ამ საკითხზე კონსულტაციები შედგება.
ჯერჯერობით, ვერ ვასახელებთ რა ოდენობით იქნება თანხა მომატებული, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ 50%-ის ფარგლებში გაიზრდება. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი ავტომფლობელებისთვის“, - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.
საქართველოში ტექინსპექტირების გავლა სავალდებულო 2018 წლის 1–ლი იანვრიდან გახდა. თავდაპირველად ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი ამწეობის სატვირთო ავტომობილებს შეეხო, შემდეგ კი ეტაპობრივად სხვა კატეგორიის ავტომობილებზეც გავრცელდა ეს ვალდებულება.