თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) ყოველწლიურ კრებაზე (AGM) დირექტორთათვის გადასახდელი ჯამური ანაზღაურების ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინიციატივა დაამტკიცეს.
კომპანიის წესდების 81-ე მუხლის თანახმად, არსებობს ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს დირექტორთათვის გადახდადი მაქსიმალური ჯამური ანაზღაურების ოდენობას. წესდების შესაბამისად, აღნიშნული ზღვრის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ აქციონერთა გადაწყვეტილებით.
2024 წლის საერთო წლიურ კრებაზე, რომელიც დღეს, ლონდონში გაიმართა, აქციონერებს წარედგინათ განახლებული ანაზღაურების პოლიტიკა, რომელშიც მითითებული იყო, რომ დირექტორთა ჯამური ანაზღაურების მაქსიმალური ზღვარი დღეის მდგომარეობით $1,750,000-ია (ე.წ. „ზღვრული ლიმიტი“).
გადაწყვეტილების მიხედვით, აქციონერებს შესთავაზეს ზღვრული ლიმიტის გაზრდა $2,500,000-მდე, იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წელს მენეჯმენტში დამატებითი დირექტორების დანიშვნაა მოსალოდნელი, როგორც ეს წლიურ ანგარიშშია აღწერილი. შესაბამისად, აუცილებელია ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ზღვრის გაზრდა, რათა დაეთმოს ადგილი აღნიშნული ცვლილების ფინანსურ ეფექტს. აღნიშნული პოლიტიკა და ზღვრული ლიმიტი აქციონერების მიერ დამტკიცდა.
ხმის მიცემის შედეგად, დირექტორთათვის გადასახდელი მაქსიმალური ჯამური ანაზღაურების გაზრდის საკითხს მხარი დაუჭირა ხმის მიცემაში მონაწილე აქციონერების 100%-მა (38,442,500 აქცია). ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო კომპანიის გამოშვებული სააქციო კაპიტალის 68.39%-მა.
ანაზღაურების პოლიტიკა, რომელიც დამტკიცდა 2024 წლის საერთო წლიურ კრებაზე და ასახულია 2024 წლის წლიურ ანგარიშში, სხვა დანარჩენ ნაწილებში უცვლელი რჩება.