თბილისი (GBC) - ვახტანგ ბუცხრიკიძე TBC-ის მენეჯმენტში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლებიც 2026 წლის 1 მარტიდან TBC Bank-ის ხელმძღვანელობას ეხება.

ცვლილების ფარგლებში ბანკის ქართული შვილობილი კომპანიის - სს TBC Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციას გიორგი (გოგა) თხელიძე დაიკავებს, ხოლო თავად ბუცხრიკიძე სრულად კონცენტრირდება ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის როლზე.

ბუცხრიკიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას საშუალებას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმოს ჯგუფის საერთო სტრატეგიას - როგორც საქართველოსა და უზბეკეთში არსებულ ბიზნესებს, ასევე საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარებას.

მისივე თქმით, გიორგი თხელიძე ბანკის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლიდერია. იგი ბოლო 12 წლის განმავლობაში მისი მოადგილე იყო, ხოლო ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მიმართულებას (CIB) და ქონების მართვას, რა დროსაც აღნიშნული მიმართულებები ბაზარზე დომინანტ პოზიციამდე განვითარდა.

„მჯერა, რომ გიორგი იქნება შესანიშნავი ლიდერი ჩვენი ქართული ბიზნესისთვის,“ - აცხადებს ბუცხრიკიძე.