თბილისი (GBC) - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში 3 მარტს ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ბანკი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ხანძარი გამთენიისას შენობის დამხმარე ლიფტის შახტაში დაფიქსირდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი შენობის ერთ მხარეს, რამდენიმე სართულის სიმაღლეზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელმაც ცეცხლის ლოკალიზება ოპერატიულად შეძლო.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ცეცხლი საოფისე სივრცეებში არ გავრცელებულა. დაზიანებულია მხოლოდ შენობის მარცხენა კიდის ფასადი.
„აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის. მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
„ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც რუხაძის სახელს ბოლო დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა დაუკავშირდა: თებერვლის დასაწყისში მან ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა, ხოლო 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნულ ტელეარხს სანქციები დაუწესა.