თბილისი (GBC) - კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (КМИС) გამოკითხვის შედეგები, რომელიც 12-24 თებერვალს ჩატარდა აჩვენებს, უკრაინელების 70%-ს არ სჯერა, რომ რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მდგრად მშვიდობას დაამყარებს.

ამავდროულად, გამოკითხულთა 25%-ს სჯერა, რომ მოლაპარაკებები მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს. დანარჩენ 5%-ს საკუთარი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. 2026 წლის იანვრის შუა რიცხვებთან შედარებით, ამ საკითხზე მოსახლეობის განწყობებში ცვლილებები არ ფიქსირდება.

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ 2026 წლის იანვარში დასვეს დამატებითი ღია კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ სჯერათ უკრაინელებს მოლაპარაკებების წარმატების – რესპონდენტები ამას, უპირველეს ყოვლისა, რუსეთითა და მისი პოზიციით ხსნიდნენ.

„უკრაინელები კვლავ კრიტიკულად აღიქვამენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და უმრავლესობას მათ მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს. პრაქტიკული რეალიები უკრაინაში – რუსების ზეწოლა ფრონტზე მათი უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, რუსული ტერორი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ და მცდელობები, გაყინონ და შუქის გარეშე დატოვონ ქვეყანა ცივ ზამთარში, რუსეთის ხელმძღვანელობის უკომპრომისო გენოციდური განცხადებები და არა მხოლოდ – მცირე საფუძველს ტოვებს იმისთვის, რომ უკრაინელებმა დაიჯერონ რუსების სურვილი, დაასრულონ ომი უახლოეს მომავალში. კერძოდ, უკრაინელებს ესმით, რომ რუსები, თუკი მზად არიან ომის დასასრულებლად, მხოლოდ ისეთ პირობებზე დათანხმდებიან, რაც უკრაინის ფაქტობრივი კაპიტულაცია იქნება (და სხვა არაფერს მიიღებენ). ამასთან, უკრაინელები რჩებიან ღიად მძიმე კომპრომისების მიმართ და მზად არიან განიხილონ ისინი – თუმცა არა კაპიტულაციის ფასად“, - აღნიშნა KMIS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონ გრუშეცკიმ.

KMIS-ის საკუთარი გამოკითხვა „ომნიბუსი“ ჩატარდა 2026 წლის 12-24 თებერვალს, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე (ტელეფონის ნომრების შემთხვევითი გენერირებითა და შემდგომი სტატისტიკური აწონვით) უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში.

სულ გამოიკითხა 2004 რესპონდენტი – უკრაინის მოქალაქეები 18 წლის ასაკიდან, რომლებიც გამოკითხვის მომენტში ცხოვრობდნენ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ფორმალურად, ჩვეულებრივ ვითარებაში, დაახლოებით 1000 რესპონდენტის მოცულობის შერჩევის სტატისტიკური ცდომილება (0,95 ალბათობით და 1,3 დიზაინ-ეფექტის გათვალისწინებით) არ აღემატებოდა 4,1%-ს. ომის პირობებში, აღნიშნული ფორმალური ცდომილების გარდა, ემატება გარკვეული სისტემატური გადახრაც.