თბილისი (GBC) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) "ექსტრემიზმთან" დაკავშირებით "ოცნების" მიერ ინიციირებული ცვლილებების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად.
"საიას" შეფასებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ 2026 წლის 21 იანვარს ინიციირებული ცვლილებები "ექსტრემიზმთან" დაკავშირებით ქმნის რეპრესიული მექანიზმების გაფართოების რისკს პოლიტიკური კონტექსტის ფონზე.
ქვემოთ მოცემულია შესაბამისი დასაბუთება:
I. კანონპროექტის შინაარსი
(ა) სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სრულიად ახალი შინაარსის მქონე მუხლი 316¹ - "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ", რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდებას, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენას, ან ამავე პირის მიერ ჩადენილ სხვა სისტემატურ მოქმედებას, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
წარმოდგენილი კანონპროექტით, სასჯელის სახედ რამდენიმე ალტერნატივაა გათვალისწინებული. ჯარიმისა და საკმაოდ ხანგრძლივი საზოგადოებრივი შრომის (400-იდან 600 საათამდე) გარდა, კანონპროექტი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასაც აწესებს, ხოლო იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. ცვლილება შეეხება სასჯელის დანიშვნის ნაწილსაც. კონკრეტულად, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა.
"ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას", განაცხადა კანონპროექტის წარმდგენმა.
(ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი - სამართალდარღვევის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით.
II. ცვლილებების შეფასება
კანონპროექტი არსებით რისკებს შეიცავს ადამიანის უფლებებისთვის, განსაკუთრებით ინსტრუმენტული უფლებების უზრუნველყოფისთვის. არსებობს რეალური რისკი, რომ, შესაძლოა, ის გამოყენებული იყოს კრიტიკის ჩასახშობად. კანონპროექტი, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს ადამიანთა აღქმებსა და მათ გამოხატვას. მით უფრო, იმ ფონზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლოსთან კოორდინირებულად, ზოგ შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებით, დევნის პროტესტის მონაწილეებს.
საყურადღებოა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებული მთელი თავი6 ეთმობა, რომელიც იცავს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებს. ეს ნორმები ფარავს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლა, სახელმწიფო გადატრიალება, აჯანყება, ხელისუფლების მიტაცება, ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება და სხვა. შესაბამისად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ ან ორგანიზებულ საფრთხეებს უკვე არეგულირებს მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო.
შემოთავაზებული ახალი მუხლი კი, რომელიც ხელისუფლების არაღიარებასთან, არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებასთან ან მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურ მოწოდებასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზებას ახდენს, აჩენს ნორმატიული დუბლირების და სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გაფართოების რისკს.
თუ ხსენებული ქმედებები არ შეიცავს ძალადობის რეალურ, უშუალო და კონკრეტულ საფრთხეს, მათი კრიმინალიზაცია სცდება სახელმწიფოს უსაფრთხოების კლასიკურ დაცვას და გადადის პოლიტიკური გამოხატვის რეგულირების სფეროში. განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი შეფასებითი და ფართო კატეგორიების მითითება, როგორებიცაა "არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება" ან "სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება", რადგან ისინი არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის მოთხოვნას.
სისხლის სამართლის ნორმა უნდა იყოს მკაფიო, პროგნოზირებადი და ვიწროდ განსაზღვრული, რათა არ შეიქმნას მისი შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენების საფრთხე. ისეთი ცნებები, როგორებიცაა "ინტერესების დაზიანება", "არალეგიტიმურობა" ან "სისტემატური მოქმედება", სამართლებრივად ღია ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მქონე ფორმულირებები მეტად არის დამახასიათებელი საბჭოთა სამართლის მოდელისთვის.
ამასთანავე, პოსტსაბჭოთა პრაქტიკაში პოლიტიკური ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხშირად აღიქმებოდა, როგორც "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება". ამის საპირწონედ, დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობა, მსგავს შემთხვევებში, უნდა იყენებდეს ვიწრო, კონკრეტულ და პროგნოზირებად კრიტერიუმებს, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ მყისიერი, რეალური ძალადობრივი საფრთხის არსებობით, ან პირდაპირ მიმართულია დანაშაულის წაქეზებისკენ. მაგალითად, ხელისუფლების ან სახელმწიფო ინსტიტუტების კრიტიკა, ოპოზიციური მოძრაობების ფუნქციონირება ან ალტერნატიული პოლიტიკური ხედვების პოპულარიზაცია არ მიიჩნევა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად, თუნდაც მათ პოლიტიკურად მწვავე ფორმა ჰქონდეთ.
ნორმები კონკრეტულად უნდა განსაზღვრავდეს აკრძალულ ქმედებებს, მაგალითად, შეიარაღებული აჯანყება, ძალადობრივი გადატრიალება ან მყისიერი ძალადობრივი მოქმედების ორგანიზება, და არ იყენებდეს ღია, აბსტრაქტულ ცნებებს, როგორიცაა "სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება" ან "არალეგიტიმურობის შექმნა".
სამართლებრივ სისტემებში სისხლის სამართლის ნორმები მიმართულია მხოლოდ კონკრეტული, მყისიერი და ძალადობრივი საფრთხეებისკენ. მშვიდობიანი პოლიტიკური გამოხატვა, ხელისუფლების კრიტიკა, ხელისუფლების არაღიარება ან ოპოზიციური მოსაზრებების პოპულარიზაცია არ ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციას, რადგან ისინი პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი დისკურსის საბაზისო ელემენტებია.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების არაღიარება ან მისი ლეგიტიმურობის საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენება პოლიტიკური დისკურსის ნაწილია და დაცულია გამოხატვის თავისუფლებით მანამ, სანამ იგი არ გადაიზრდება ძალადობრივ ან კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი დამხობისკენ მიმართულ ქმედებაში. არსებული სისხლის სამართლის მექანიზმები უკვე უზრუნველყოფს რეალურ საფრთხეებზე სამართლებრივ რეაგირებას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი სახელმწიფოს ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით - იგი უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციურ წესრიგს, არჩევნებსა და საზოგადოების ნდობას. არაღიარების კრიმინალიზაცია ქმნის საფრთხეს, რომ პოლიტიკურმა დისკურსმა და ოპოზიციურმა აქტივობამ გადაინაცვლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს - პლურალიზმს.
III. ინიციირებული ცვლილებების კონტექსტუალიზაცია მიმდინარე რეპრესიულ საკანონმდებლო კლიმატში
ამ საკანონმდებლო ინიციატივას წინ უსწრებდა "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და სხვა თანამდევ კანონებში ცვლილებების შეტანა, რომლის არსიც პარტიების გაუქმებასა და პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას შეეხებოდა. ამის შემდეგ კი, 2025 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური პარტიების ("ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელით მიმართა.
სარჩელის თანახმად, დასახელებული პარტიები მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებით ახდენენ არჩევნების დისკრედიტაციას, ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართულ უარყოფას. სარჩელის ინიციატორთა მოსაზრებით, ამ გზით, მათ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოვეს.
ამ საკითხზე საიამ სასამართლოს წარუდგინა "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ არ შეიძლება დემოკრატიული მექანიზმის გამოყენება თავად დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. ამასთანავე, ორგანიზაციამ სასამართლოს საილუსტრაციოდ წარუდგინა ძალადობრივი კონსტიტუციონალიზმის - ამ შემთხვევაში, პარტიის აკრძალვის ბოროტად გამოყენების ჭრილში მაგალითები.
საიას შეფასებით: [საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს საჭირო ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის მოხმობას.
კონკრეტული დანაშაულები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კონკრეტულ პირებს უნდა შეერაცხოთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ამართლებდეს ლეგიტიმურ მიზანს. დემოკრატიული კურსიდან მკვეთრი გადახვევის, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, ძალადობრივი კანონშემოქმედების, მედიასა და არასამათავრობო სექტორზე მნიშვნელოვანი წნეხისა და რეპრესიების ფონზე, შეუძლებელია, თავდაცვისუნარიანმა დემოკრატიამ თავისი დანიშნულება შეასრულოს].
IV. ინიციირებული ცვლილებების კონტექსტუალიზაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფონზე
საიას შეფასებით, 2025 წელს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება ერთ-ერთ საგანგაშო ტენდენციად გამოიკვეთა.
ამასთანავე, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ინტენსიური გამოყენების არსებული პრაქტიკა სცდება მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესებს და ატარებს პოლიტიკური დევნის ელფერს.
ამის კვალდაკვალ, 2025 წლის 6 ნოემბერს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს:მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძეს, ნიკანორ მელიას, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
ცხადია, ინიციირებული ცვლილებებით, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა კიდევ ერთი საფუძველი პოლიტიკური აქტორების წინააღმდეგ. საია ამ საქმეებს ყურადღებით აკვირდება.
V. შეჯამება
"ქართული ოცნების" მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე. იმავდროულად, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს, ვინაიდან ოპოზიციური აზრისა და კრიტიკის დევნა არღვევს თავისუფალ საზოგადოებრივ დისკურსს, აბრკოლებს პლურალიზმის ფუნქციონირებას, არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, ამყარებს უკვე არსებულ პოლიტიკურ კონტროლს, ზრდის ძალაუფლების კონცენტრაციას და მიმართულია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებისკენ.
ამის გათვალისწინებით, ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს", - ნათქვამია საის დოკუმენტში.
"ქართულ ოცნებას" სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს და ამატებს მუხლს - "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".
3 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ინიციატივით გამოვიდა, რომ პასუხისმგებლობა დაწესებულიყო იმ პირების მიმართ, რომლებიც "არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ", "ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება" და ა.შ. და ამ ქმედებებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.