თბილისი (GBC) - პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხედავს „შესაძლებლობების ფანჯარას“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად აშშ-ის ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს შანსი. ჩვენს შორის რომ ვთქვათ, რას ვფიქრობ სინამდვილეში მომავალ წელზე... ეს დამოკიდებულია ამ თვეებზე – გვექნება თუ არა შესაძლებლობა, დავასრულოთ ომი შემოდგომამდე. იმ მნიშვნელოვან და გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში. თუ მშვიდობის მიღწევა მოხერხდება, მაშინ ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობების ფანჯარა; ახლა ეს ფანჯარა ღიაა...
შეერთებული შტატები იმაზე ძლიერიცაა, ვიდრე თავად ჰგონია. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. მათ ნამდვილად შეუძლიათ პუტინზე ზეწოლა. მათ შეუძლიათ ამ ომის გაჩერება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა ურთიერთობა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან, როგორც „რთული“, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის ურთიერთობები „პიროვნებებს“ სცილდება.
26 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა და უკრაინის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს მზადება სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის და ომის შემდგომი აღდგენის საკითხები.
შეხვედრების შედეგად, უმეროვმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიასთან და ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, ერთობლივი საუბარი გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ამის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი აბუ-დაბიში, მარტის დასაწყისში იგეგმება.