თბილისი (GBC) - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ გახსნისას განაცხადა, რომ უკრაინამ ორი დღის წინ საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტის ნაწილი მიიღო, თუმცა Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების საჭიროება კვლავ რჩება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს

„მადლობელი ვართ საჰაერო თავდაცვის ბოლო პაკეტისთვის. ყველა დეტალს ვერ გავამხელ, თუმცა პაკეტის ნახევარი უკვე აქ არის. ის ორი დღის წინ შემოვიდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინას ესაჭიროება PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტები ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

ასევე, ზელენსკიმ ისაუბრა მომავალი ზამთრისთვის მომზადების სწრაფი ნაბიჯების აუცილებლობაზე.

„ჩვენ გვაქვს გეგმები და მათ გაგიზიარებთ, რადგან ყველაფრის დამოუკიდებლად აღდგენა ნამდვილად ძალიან რთულია“, - მიმართა ზელენსკიმ სხდომის მონაწილეებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ საწინააღმდეგო რაკეტები რუსეთის 12 თებერვლის მასშტაბურ კომბინირებულ შეტევამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო, რამაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა მისცა.

მანამდე, დავოსში, ზელენსკიმ პრეტენზიები გამოთქვა ევროპის მიმართ საჰაერო თავდაცვის რაკეტების პრობლემის გამო. თუმცა, NATO-ში აცხადებდნენ, რომ Patriot-ის რაკეტების მიწოდებაში შეფერხება, რაზეც ზელენსკი საუბრობდა, არ ყოფილა.

მოგვიანებით, NATO-ში განაცხადეს, რომ რიგი პარტნიორები უკრაინას საკუთარი მარაგებიდან გადასცემდნენ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, რათა აშშ-დან მიწოდების დეფიციტი აღმოფხვრილიყო.

NATO-ში უკრაინის ელჩმა დაასახელა ექვსი ქვეყანა, რომლებიც აშშ-ში იარაღის შესყიდვაში ყველაზე მეტად დაეხმარნენ.