თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიახლე კომერციული ვენახის გაშენებაზე სპეციალური თანხმობის გაცემის ნორმის შემოღებაა, რაც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ახალი რეგულაცია პირდაპირ კავშირშია წარმოების მაღალ სტანდარტებთან. მისი თქმით, ღვინის მწარმოებლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად გადამწყვეტია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა და ვაზის ჯიშების სწორი შერჩევა.

„კომერციული ვენახების გაშენების დროს ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და, შესაბამისად, ხარისხიანი ღვინო. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება. მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლების და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოხდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კანონპროექტის თანახმად, ვენახის გაშენებაზე თანხმობა განიმარტება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი. ეს დოკუმენტი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

ამასთან, აღნიშნული თანხმობა უფასოდ გაიცემა.

სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის პრაქტიკა სიახლეს არ წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე და ის წარმატებით მოქმედებს ევროკავშირის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში. ცვლილების მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება, რაც აუცილებელია ხარისხიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის.

მნიშვნელოვანია დაზუსტება, რომ ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კომერციულ საქმიანობას გეგმავენ. რეგულაცია არ ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვენახის გაშენებას მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის აპირებენ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამრიგად, სახელმწიფო ცდილობს შექმნას სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული პროდუქტის, იდენტობის დაცვასა და მის მყარ პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.