თბილისი (GBC) - „ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას „ლოგიკას მოკლებულს“ უწოდებს და გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. დეპუტატი სოციალურ ქსელში იმ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პირველი აპრილიდან საქართველოში M1 კატეგორიის ძველი ავტომობილების რეგისტრაცია იზღუდება.

ხუნდაძე წერს, ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.

ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.

რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.

სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, „ხალხის ძალა", მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში“, - წერს ხუნდაძე.

12 თებერვალს "ოცნებამ" პარლამენტში შსს–ს მიერ მომზადებული კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მქონე ავტომობილების იმპორტზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და საგზაო მოძრაობის განტვირთვას ემსახურება. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: თუ 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.