თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, სეზაი უჩურმაქთან. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. 

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა სწრაფად მოხდეს გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება.

ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2012 წლიდან, წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ასევე სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელმა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები.