თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოვლენებმა ირანში დაადასტურა რუსეთის ფედერაციის, როგორც მოკავშირის არარაობა და რუსეთის მმართველ ვლადიმირ პუტინს აჩვენა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა.

„მე ვფიქრობ, დღეისათვის პუტინმა უკვე აჩვენა, როგორი მოკავშირეა სირიაში, როდესაც ისინი (რუსები) პრინციპში უძლურნი აღმოჩნდნენ დახმარებოდნენ (ბაშარ) ასადის რეჟიმს. ასევე, ჩემი აზრით, მათ ახლაც აჩვენეს საკუთარი სისუსტე. ანუ, ისინი, როგორც მოკავშირეები, არარაობები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მთელი თავისი სამხედრო ძალა უკრაინაში მოაქცია. „ხოლო ის, რაც ირანში ხდება, მე ვფიქრობ, კარგი სიგნალია, რომ პუტინმა დაინახოს, რით სრულდება დიქტატურა“, - თქვა ზელენსკიმ.

28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ათეულობით ავიაბომბი დაუშინეს ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციას, რის შედეგადაც მოხდა მისი და ქვეყნის უმაღლესი სარდლობის ლიკვიდაცია.

საპასუხოდ თეირანმა დაიწყო ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების მასირებული შეტევა ამერიკულ ბაზებსა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე (კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები).

1 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვა და პირობა დადო, რომ ოპერაციას ირანის სარაკეტო და ბირთვული პოტენციალის სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.

ვლადიმერ პუტინმა 28 თებერვლის დარტყმებს „მკვლელობა“ უწოდა, რომელიც ჩადენილია „ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით“.