თბილისი (GBC) – ახლო აღმოსავლეთში როგორც აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა, ისე ირანის საპასუხო ნაბიჯებმა გლობალური ბაზრები და სამომხმარებლო ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეასუსტა, ნათქვამია Reuters-ის ანალიზში, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკური მონაცემების საფუძველზე მოამზადეს. ეს გავლენა უკვე აისახა ენერგეტიკულ ბაზრებზე, ფასების ზრდის დინამიკაზე, საფონდო ინდექსებზე და ეკონომიკურ პროგნოზებზე.

ნავთობის ბაზარი:

გლობალური ნავთობის ძირითადი ბენჩმარკი — Brent crude — გასული კვირის ბოლოსთან შედარებით დაახლოებით 8%–9% გაიზარდა და ბარელზე 79 – 82 დოლარს მიაღწია — ნომინალური რეკორდული ნიშნული ბოლო დაახლოებით 12 თვის განმავლობაში. ეს ზრდა უკავშირდება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებსა და ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილ გეოპოლიტიკურ რყევებს, სადაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% გადის უწყვეტ რეჟიმში.

ფასების 7–12%–იანი ზრდა დაფიქსირდა ამერიკულ ნავთობზეც WTI.

ეს ტენდენცია უკვე აისახა სამომხმარებლო ფასებზე: აშშ-ში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა და გადასცდა $3-ს გალონზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნოემბრის შემდეგ.

ინფლაცია და ცენტრალური ბანკები:

ევროპის ცენტრალური ბანკის წამყვანი ეკონომისტის შეფასებით, ენერგიის ფასის 10%-მდე ზრდა ახლო მომავალში ზეწოლას მოახდენს ევრო ზონის ინფლაციაზე და ეკონომიკურ ზრდაზე — ექსპერტების ანგარიში მიუთითებს, რომ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა შეიძლება ინფლაციას 0.5 პროცენტულ პუნქტამდე მოუმატოს და ეკონომიკის ზრდის ტემპს 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირებს. მიმდინარე მონაცემებით, ევრო ზონაში ინფლაცია დაახლოებით 1.7%-ია, რაც არ აღემატება ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2%-ს.

ფინანსური ბაზრები:

ნავთობის ფასების ზრდამ და საინვესტიციო ბაზრებზე შექმნილმა გაურკვევლობებმა გამოიწვია საფონდო ინდექსების რყევა. აშშ-ში S&P 500 ფიუჩერსებმა ჩამოიშალა დაახლოებით 1.1%–ით, Dow Futures ჩამოქვეითდა 1.14%-ით, ხოლო Nasdaq Futures დაეცა 1.5%-ით. ევროპის STOXX 50-იც დაეცა დაახლოებით 1.4%-ით, ხოლო აზიური ბაზრები მწვანე ზონაში რჩება.

საფონდო ბაზარზე დინამიკას თან ახლავს ოქროს ფასის ზრდა, როგორც „უსაფრთხო თავშესაფარზე“.

გავლენა სურსათის, ლოგისტიკის და სხვა სექტორებზე:

ექსპერტები ამბობენ, რომ ნავთობის გაძვირების ეფექტი სხვა სექტორებზეც ვრცელდება. საწვავის გაძვირება ზრდის ტრანსპორტის და საწარმოების საოპერაციო ხარჯებს, რაც შემდეგ აისახება პროდუქციის თვითღირებულებასა და ფასების ინფლაციურ ტრენდზე. ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს ეფექტი განსაკუთრებით მძიმედ შეეხო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და მსუბუქ მრეწველობას, სადაც საწვავის ფასი მნიშვნელოვანი კომპონენტია საბოლოო ფასწარმოქმნაში.

ექსპერტთა შეფასება და მოსალოდნელი რისკები:

თუ კონფლიქტი გაგრძელდება ან გაფართოვდება, შესაძლოა ნავთობის ფასმა $100–ს გადააჭარბოს ბარელზე, რაც დაემატება ინფლაციურ ზეწოლას, განსაკუთრებით იმ ეკონომიკებზე, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე.

არ არის გამორიცხული, რომ ინფლაციური ეფექტები გადაედოს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას — ცენტრალური ბანკები შესაძლოა ჰქონდეთ დამატებითი შეზღუდვები საპროცენტო განაკვეთებზე ან რეგულაციების მიღებაზე ფასების სტაბილიზაციისთვის.