თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა და საუბარი ძირითადად ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას მიეძღვნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია.  გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას.

"ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე.