თბილისი (GBC) – თბილისის მერია 2 ავარიულ კორპუსს დაანგრევს და მათ ადგილზე 20–სართულიანი კორპუსები აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა.

დემონტაჟს დაქვემდებარებული ერთ-ერთი კორპუსი მდებარეობს სამგორში, მოსკოვის გამზირის 4 ნომერში, ხოლო მეორე – დიღმის მასივის პირველ კვარტალში.

„დედაქალაქში გვაქვს 10 ათასამდე ავარიული შენობა. დავიწყეთ პროგრამა ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი სამშენებლო პროექტებით. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია 2 პროექტზე. სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირზე პირველი კომპლექსის 4 ნომერში ავარიული 9 სართულიანი შენობა-ნაგებობაა, სადაც 126 ოჯახი ცხოვრობს, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება მოსახლეობასთან. მოხდება დემონტაჟი და აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა, რომელიც იქნება 20-სართულიანი და -2 სართულზე იქნება ავტოფარეხები. დიღმის მასივის პირველ კვარტალში გვაქვს ავარიული შენობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, აქ 135 ოჯახი ცხოვრობს და ამ კორპუსის ნაცვლად აშენდება 20 სართულიანი შენობა ნაგებობა, -2 სართულზე იქნება პარკინგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.