თბილისი (GBC) - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორშაბათის სხდომიდან, სადაც მეორე მოსმენით განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უკვე 8 დეპუტატი გააძევა, რამდენიმე დეპუტატს კი სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცა და გამოსვლა შეაწყვეტინა. საკომიტეტო მოსმენაზე შეზღუდულია მედიაც – სხდომაზე მხოლოდ აკრედიტებული ტელეჟურნალისტები დაუშვეს.

სხდომიდან გაძევებული დეპუტატები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია, "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, პარტია "მოქალაქეების" წევრი ქეთევან თურაზაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე.

„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და, სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“, - თქვა სამადაშვილმა დარბაზის იძულებით დატოვების შემდეგ.

მას კომიტეტის სხდომა იმ დროს დაატოვებინეს, როცა კითხვას სვამდა, "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე. დეპუტატის თქმით, საკომიტეტო მოსმენის სხდომის პირდაპირი ეთერის ტრანსლაციისას კადრი ითიშება და საზოგადოება ვერ იგებს, რა ფორმით ტოვებენ დეპუტატები სხდომათა დარბაზს.

კოლეგების დარბაზიდან გაძევების მიზეზად ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. კერძოდ, ოხანაშვილი მიუთითებს, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”, ასევე მიკროფონის ჩართვის გარეშე სვამენ კითხვებს და ხელს უშლიან განხილვის პროცესს.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ მათ არგუმენტების თქმის საშუალებას კანონის „რუსულობასთან“ დაკავშირებით.

„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ, არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“, - ეს სიტყვები გახდა ანი წითლის დარბაზიდან გაძევების მიზეზი.

ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დეპუტატმა მიკროფონის გამორთვის მიუხედავად საუბარი განაგრძო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ეს რეგლამენტის დარღვევაა. იქამდე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.

“აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საღამოს 6 საათზე, დაიწყება „ქართული ოცნების“  კონტრაქცია, რომელზეც მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ.

აქციაზე „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან ხალხი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ჩამოჰყავთ.