თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობამ 2023 წლის სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო მიზნობრიობით 10 მლნ ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდისთვის განკუთვნილი 100 მლნ ლარიდან, ფაქტობრივად ათვისებულია 95 მლნ ლარი.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების მიზნობრიობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 10,5% ( 10 მლნ ლარი ) საიდუმლო ხარჯი;
  • 51,1% ( 48 მლნ ლარზე მეტი) ინფრასტრუქტურული და სოციალური ტიპის დანახარჯების დაფინანსება;
  • 23,4% (22 მლნ ლარზე მეტი) სხვა სპეციფიკური ხარჯების დაფინანსება;
  • 8,7% ( 8 მლნ ლარზე მეტი ) იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურების, ასევე, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯების დაფინანსება;
  • 6,1% (თითქმის 6 მლნ ლარი) მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების, საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მიმდინარე საჭიროებების დაფინანსება.

საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

კოდექსის მიხედვით, რიგ შემთხვევებში ხდება სახსრების მიმართვა იმ გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებს და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში.

(კომერსანტი)