თბილისი (GBC) – საფრანგეთის მისია ეუთოში „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის წარდგენას X-ზე ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შეგნებულ დარღვევაში ადანაშაულებენ.
საფრანგეთის მისიის განცხადებით, მომხსენებელმა პატრიცია გჟებიკმა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს წარუდგინა დამოუკიდებელი ანგარიში, სადაც მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ორგანიზაციის ჩარჩოში აღებულ ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხსენებელმა აღნიშნა ხელისუფლების თანამშრომლობა გამოძიების პროცესში, ანგარიშის შინაარსი ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კრიტიკულია.
სახელმწიფო კონტროლის „უპრეცედენტო“ გაფართოება
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებული სინანული გამოთქვეს 4 მარტს „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო. მათი შეფასებით:
- ახალი ცვლილებები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს უპრეცედენტო დონემდე აფართოებს.
- კანონმდებლობა ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ასუსტებს კანონის უზენაესობას.
- ძლიერდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, უფლებადამცველებსა და ექსპერტებზე.
ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები
მინისტრების განცხადებით, ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. დიპლომატების შეფასებით, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტური.
განცხადების დასასრულს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
#Georgia : the Independent report on democracy and fundamental freedoms (under the “OSCE Moscow Mechanism”) was presented yesterday by the rapporteur Patrycja Grzebyk to the OSCE participating states. While recognizing the cooperation of Georgia’s authorities during her…
— France at OSCE 🇫🇷🇪🇺 (@RP_France_OSCE) March 13, 2026