თბილისი (GBC) - უკრაინის „ნაფტოგაზის“ ჯგუფმა რუსულ „გაზპრომთან“ დავაში საბოლოო გამარჯვება მოიპოვა, რაც უკრაინული მხარისთვის $1,4 მლრდ-ზე მეტი თანხის ანაზღაურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაფტოგაზის“ გამგეობის თავმჯდომარე სერგი კორეცკი ავრცელებს.

კორეცკის თქმით, შვეიცარიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ სრულად უარყო რუსული კომპანიის საჩივარი და ძალაში დატოვა არბიტრაჟის 2025 წლის ივნისის გადაწყვეტილება.

კორეცკის თქმით, გადაწყვეტილება „გაზპრომს“ ავალდებულებს, „ნაფტოგაზს“ გადაუხადოს დავალიანება გაზის ტრანსპორტირების ორგანიზების მომსახურებისთვის, ასევე დაფაროს პროცენტები და სასამართლო ხარჯები.

ამჟამად კომპანია მუშაობს დავალიანების იძულებითი ამოღების საკითხზე. პარალელურად, გრძელდება არაერთი სხვა სასამართლო პროცესი აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

შვეიცარიის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა „გაზპრომს“ დააკისრა $1,37 მლრდ-ის გადახდა „უკრაინის ნაფტოგაზის“ (НАК "Нафтогаз Украины") სასარგებლოდ.