თბილისი (GBC) – შვედეთი სრულად იზიარებს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს და საქართველოს ხელისუფლებას დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციების უპირობო შესრულებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ოფიციალური სტოკჰოლმი ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთოს ფუნდამენტური პრინციპებია, რომელთა დაცვაც წევრი სახელმწიფოების პირდაპირი ვალდებულებაა.

„შვედეთი მიესალმება საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შვედეთი იმ 24 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ფაქტი და მოითხოვეს ისეთი კანონების გაწვევა, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.