თბილისი (GBC) - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით უპრეცედენტოდ მძიმე ბრალდებები და კონკრეტული სანქციების მოთხოვნები გაჟღერდა. სტრასბურგში გამართული დებატები, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუარესებასა და ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაპატიმრებას მიეძღვნა, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან თბილისისთვის გაგზავნილ მკაცრ გაფრთხილებად იქცა.

ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გამოდიოდა, პირდაპირ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ ქვეყანა ავტოკრატიისკენ განზრახ მიჰყავთ.

მისი თქმით, ბოლო დროინდელი კანონები, რომლებიც ზღუდავენ პოლიტიკურ აქტიურობას და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულიად უგულებელყოფს კანონის უზენაესობას.

ჰუკსტრამ ხაზგასმით აღნიშნა: „ჩემი პირველი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და მსგავსი კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი. არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, და არც არასდროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება. ევროკავშირი მზად არის პასუხი აგებინოს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში. მსგავსი რეპრესიული ტაქტიკები ავტორიტარული ქვეყნების ტაქტიკებს ჰგავს, რათა განსხვავებული ხმები და პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმონ“.

დებატების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლა იყო, რომელმაც ელენე ხოშტარიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი ვრცელი წერილი გაასაჯაროვა. წერილში ხოშტარია ხაზს უსვამს, რომ მისი ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის კი არა, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დაცვისთვისაა.

სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ როგორი მადლიერი ვარ, როდესაც თქვენს ურყევ, უწყვეტ მხარდაჭერას და ერთგულებას ვხედავ საქართველოს მიმართ, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის მიმართ. ფასდაუდებელია თქვენნაირი მეგობრების ყოლა ამ რთულ დროს. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩემი სახელი საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა ცხადია, რომ მთავარი მე კი არა, ქართველი ხალხია, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოავლინა რუსეთთან ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის; ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად. მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ, ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება და პირადად ჩემი დაპატიმრების გამო არ ვწუხვარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას საქართველოში. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გამოყენება სავაჭროდ მოინდომოს, როგორც მძევლების. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის“, - ნათქვამია ხოშტარიას წერილში, რომელმაც ევროპარლამენტის დარბაზში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კიდევ უფრო შორს წავიდა და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ მმართველობას, პუტინის სახელმძღვანელოს გამოყენებით, ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს.

ლექსმანმა კოლეგებს მოუწოდა, არ დარჩნენ უმოქმედოდ: „როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, არ შეგვიძლია უმოქმედოდ ვიყოთ მაშინ, როდესაც ფუნდამენტური თავისუფლებები იშლება. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ და მსურს კიდევ ერთხელ ვახსენო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამიზნული სანქციების შემოღების საჭიროება, მისი გამანადგურებელი როლისთვის პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და ყველა ქართველზე“.

ამ პოზიციას დაეთანხმა ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასიც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში. მან განაცხადა, რომ საქართველო „სანქციების ავლის ჰაბი გახდა“ და მოითხოვა მკაცრი რეაგირება: „ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან, ასევე რეჟიმის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ტერორს“.

კრიტიკის პარალელურად, დებატებზე გამოჩნდა წინააღმდეგობრივი პოზიციებიც, კერძოდ ტიერი მარიანის მხრიდან, რომელმაც ევროპარლამენტის პოლიტბიურო „ნეოკოლონიალისტურ მეთოდებში“ დაადანაშაულა.

მარიანის თქმით, ბრიუსელი ახორციელებს პოლიტიკურ ზეწოლას და შანტაჟს იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. თუმცა, ევროპარლამენტართა უმრავლესობა, მათ შორის ნატალი ლუაზო და მარკეტა გრეგოროვა, მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან სიჩუმე მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს.

გრეგოროვამ კითხვით მიმართა საბჭოს წევრებს: „ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს, არ მადარდებს თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს ამას, დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? რა უშლის მათ ხელს? წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და სახიფათო სიგნალს აგზავნის, რომ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე შეიძლება“.

საბოლოოდ, დებატების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს მომავალი საფრთხეშია და ევროკავშირი ვალდებულია გამოიყენოს ყველა ბერკეტი პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად და დემოკრატიული პროცესების აღსადგენად.