თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს უნდობლობას უცხადებს. მისი განცხადებით, დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნებაც უახლოეს დღეებში იგეგმება, წინასწარ დაწერილი ტექსტია, ხოლო საერთაშორისო ექსპერტის საქართველოში ვიზიტი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
პაპუაშვილის განმარტებით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ორ დღეში შესაძლებელია ქვეყნის უახლესი ისტორიის, არჩევნების, განათლების რეფორმისა და სხვა კომპლექსური საკითხების სიღრმისეული შესწავლა. მისი თქმით, ეს პროცესი თავიდანვე ჩანდა, როგორც „საქმის შეკერვის მცდელობა“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია არა ბრიუსელის ინსტრუმენტები ან „მოსკოვის მექანიზმი“, არამედ სიმართლე და ქართველი ხალხის ნება. მან ასევე გააკრიტიკა ის 24 ქვეყანა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. პაპუაშვილმა განსაკუთრებული უკმაყოფილება უკრაინის ხელისუფლების მისამართით გამოხატა და მათ ნაბიჯს ქართველი ხალხის მიმართ გამოჩენილი უმადურობა უწოდა.
განცხადების დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო აქტორების მიკერძოებულობაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც ახსენა. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის სუბიექტური დამოკიდებულება ექსპრეზიდენტის მიმართ ხელს უშლის ობიექტურ აღქმას, რაც საბოლოოდ საერთაშორისო ინსტიტუტების სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში გამოიხატება.
ეუთოს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით “მოსკოვის მექანიზმი” 29 იანვარს აამოქმედა, “რათა შეფასდეს საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემოდგომიდან მოვლენებზე”.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისიამ საქართველოში მუშაობა 11 თებერვალს დაიწყო.