თბილისი (GBC) – არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს - სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან. 

კერძოდ, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე მოქალაქე თავს საკუთარ ქვეყანაში დაუცველად ეკონომიკური მდგომარეობის გამო გრძნობს. პირველ ადგილს სიღარიბე იკავებს 39%-ით, ხოლო მეორე ადგილს ფასების ზრდა 35%-ით.  ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას - 51 პროცენტს ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. 

ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს. ამასთან უმუშევართა უმრავლესობა თვლის რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან ვერ პოულობს შესაბამისი ანაზღაურებით. კერძოდ გამოკითხულთა 49% ამბობს რომ სამსახურს ეძებს თუმცა ვერ პოულობს, ხოლო 20% ამბობს რომ ვერ პოულობს შესაბამისი ანაზღაურებით. უმუშევართა 16% ამბობს რომ არ არის დაინტერესებული სამუშაოს მოძიებით.