თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების მაისის თვის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ 2025 წლის მაისი ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა საერთაშორისო საფონდო ბირჟებისთვის. ფონდში მიაჩნიათ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებამ და ინვესტორთა განწყობების გაუმჯობესებამ მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე აქციების ფასების ზრდა გამოიწვია, რაც დადებითად აისახა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებზეც.

საპენსიო ფონდის ცნობით, გლობალური ბაზრების ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა დინამიკურ პორტფელზე და მაისის თვის ამონაგებმა 2.42% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1.84% და 1.25% იყო.

პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა:

  • დინამიკური – 47.9%
  • დაბალანსებული – 30.3%
  • კონსერვატიული – 16.3%

დინამიკური პორტფელების დაარსებიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12.3% და 11.4% იყო.

ამასთან, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის ₾6.9 მლრდ-ს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – ₾1.7 მლრდ-ს მიაღწია.