თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის თემაზე საერთაშორისო სემინარი გამართა, რომელშიც ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ცენტრალური ბანკების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ხომერიკმა.

„მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს  და  ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას ტექნიკური დახმარების, კონსულტაციებისა თუ ტრენინგების გზით. მსგავსი სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მოთხოვნადია საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომები, მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს.

ყურადღება დაეთმო ფინანსური და ეკონომიკური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიული ჩარჩოს ფორმირებას, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მექანიზმებს, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გამოყენებას, მათ შორის მოქალაქეთა ფინანსური ქცევების შესწავლისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობებს მონაწილეები გაეცნენ ფინანსური განათლების რესურსებს, ინიციატივებსა და თანამედროვე სასწავლო მიდგომებს, სკოლებში ფინანსური განათლების პრაქტიკას, ასევე პროფესიული სწავლების პროგრამებსა და ონლაინ სასწავლო პლატფორმას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური ინსტიტუტების პასუხისმგებლიან საქმიანობას, ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას, ხელშეკრულების პირობებს, მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმებს. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული ქეისები განიხილეს, ჯგუფური მუშაობის შედეგად გამოავლინეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაძლო პრობლემები და იმსჯელეს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

მონაწილეები ასევე გაეცნენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობასა და სებ-ის როლს საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა დაცვის კუთხით.

შეხვედრა, რომლის მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება იყო, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებში გაიმართა.