თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $321.5 მლნ შეადგინა, რაც 10.7%-ით ($31 მლნ-ით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დასაწყისიდან 8 თვეში გადმორიცხულია $2,37 მლრდ.  

სების სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი $144.3 მლნ-ით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, აგვისტოში აშშ-დან 16.8%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ $59.3 მლნ შეადგინა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აგვისტოში წლიურად 2.9%-ით შემცირდა და $41.3 მლნ შეადგინა.

2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ $35.7 მლნ (₾96.4 მლნ) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს ($33.1 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია.