თბილისი (GBC) – $301 მლნ–ის ფულადი გზავნილები ივლისში საქართველოში ძირითადად 8 სისტემით შემოვიდა. მთლიანი ჩარიცხვებიდან ყველაზე დიდი წილი – 21,5% – RIA-ზე მოდის ($64,7 მლნ).

ჩარიცხვების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზეა Zolotaia Korona – 18,3% ($54,95 მლნ). სამეულს Western Union ხურავს, 15,1%–იანი წილით ($45,5 მლნ).

2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

2023 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი (73.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისის (27.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.