თბილისი (GBC) - 2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, APM Terminals Poti-ს მიერ ჯამში 545,297 TEU კონტეინერი დამუშავდა. 

კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია: 2022 წელი - 357,857 TEU, 2023 წელი - 592,589 TEU, 2024 წელი - 545,297 TEU.

2024 წელს APM Terminals Poti-მ ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 ავტომობილი.

მეორადი ავტომობილების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება.

ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200,000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ: 2022 წელს - 47,537; 2023 წელს - 80,454; ხოლო 2024 წელს - 74,173.

როგორც კომპანიაში GBC-ს განუცხადეს, გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა. კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157,895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96,434, ხოლო 2022-ში - 98,992 ტონა.