თბილისი (GBC) - სს Georgia Capital მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ნაადრევად გამოსყიდვის ოფციით სარგებლობს. ვადაზე ადრე დაფარვის შემდეგ, ობლიგაციების ძირითადი ვალდებულება შემცირდება $100 მლნ-ით და დარჩება მხოლოდ $50 მლნ-ის ოდენობის ნაშთი. 

კერძოდ, კომპანია ნაადრევად გამოისყიდის $98,057,000-ის ნომინალური ღირებულების ობლიგაციებს მისი $148,057,000-ის ჯამური ნომინალური ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციებიდან (ISIN: GE2700604475).

ობლიგაციების გამოსასყიდი ფასის გამოთვლა მოხდება შემდეგნაირად: (I) ძირი თანხის 101.70%, დამატებული (II) პროსპექტში აღწერილ “მდგრადობის შესრულების მიზანთან” დაკავშირებული პრემია ძირი თანხის 0.30%-ის სახით, და დამატებული (III) გადახდის თარიღამდე დაგროვილი და გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი.

აღნიშნული თანხები $1,943,000-იანი ჯამური ნომინალური ღირებულების (1,943 ერთეული) მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის გამოკლებითაა, რომლებიც სს “საქართველოს კაპიტალის” სახაზინო ანგარიშზე ინახება და რომელთა გაუქმებაც მოხდება ზემოხსენებულ ანგარიშსწორების თარიღამდე.

შესაბამისად, ანგარიშსწორების თარიღის შემდეგ, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების დარჩენილი ძირითადი თანხა განისაზღვრება $50 მლნ-ით.

ობლიგაციების ვადა 2028 წლის აგვისტომდეა. ობლიგაციების წინასწარ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად 23 სექტემბერი, ხოლო ანგარიშსწორების თარიღად კი 26 სექტემბერი 2025.

აღნიშნული ტრანზაქცია შეესაბამება კომპანიის ₾700 მლნ-იანი კაპიტალის დაბრუნების პროგრამას, რომელიც ჯგუფმა 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაცხადა და გაგრძელდება 2027 წლის ბოლომდე. პროგრამა მოიცავს კაპიტალის დაბრუნებას აქციების უკუგებით (buyback), დივიდენდებით და JSC GCAP-ის ობლიგაციების წინასწარი დაფარვით.