თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომების განსახილველად, ქვეყნის მასშტაბით ეკონომისტებთან პერიოდულ დისკუსიებს გამართავს.

დისკუსიების მიზანი მიმდინარე კვლევებზე უკუკავშირის მიღება, პოტენციური სამომავლო საკვლევი საკითხების იდენტიფიცირება და პროფესიული მსჯელობის ხელშეწყობაა. კვლევითი ნაშრომები, სადაც ავტორების პირადი ხედვები და კვლევის შედეგებია გადმოცემული, ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ეკონომიკური კვლევების/ანალიზის მიმართულებით მუშაობენ, დისკუსიებზე დასწრების მზაობა არაუგვიანეს 2024 წლის 7 აპრილისა უნდა დაადასტურონ  ელექტრონულ ფოსტაზე: research@nbg.gov.ge

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ თქვენი დასაქმების ადგილი და პოზიცია.

კვლევითი პუბლიკაციების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომების კატეგორიაში.