თბილისი (GBC) – ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შემცირების მიზნით სების ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მეოთხედ გაზარდა სავალუტო დაკრედიტების ზედა ზღვარი. ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა ზღვარი 50%–ით – 500 000 ლარიდან 750 000 ლარამდე გაზარდა. 

საინვესტიციო ბანკირების შეფასებით, სავალუტო დაკრედიტების ზედა ზღვრის გაზრდის ყოველ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ იზღუდება უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც ხდება ლარში გაცემულ სესხებზე.

„სების მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა“, – ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.