თბილისი (GBC) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე კითხვები ძირითადად სსფ–ის პროგრამის განახლებას შეეხო. სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა პროგრამა არ იყო, მას მაინც შეეხნენ და ამბობს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

თურნავას თქმით, სსფ–ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ სუბირ ლალიმ განაცხადა, რომ სების დამოუკიდებლობა უნდა იყოს გარანტირებული და ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეები არ უნდა არსებობდეს. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით, სებში დამოუკიდებლობის ხარისხის შესანარჩუნებლად გარკვეული კოლეგიალური მმართველობის ნიმუშიც განიხილება. მისიის წარმომადგენლის თქმით, სსფ ელოდება სების საბჭოს წევრობის ვაკანტური ადგილების შევსებას.

ნათია თურნავამ შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც ესწრებოდა, საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა გასულ წელს უნდა განახლებულიყო, თუმცა მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.