თბილისი (GBC) – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვა ორშაბათს, 29 აპრილს დაიწყო. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

ოხანაშვილის ამ პოზიციაზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას პროცედურულ საკითხზე საუბარი სურდა.

„ქალბატონო თინა, ჩემი თანხმობის გარეშე საუბრის გაგრძელების შემთხვევაში გამოგიცხადებთ გაფრთხილებას. მუხლობრივად ვიწყებთ განხილვას, თუ რაიმე საკითხი გაქვთ, შინაარსობრივი განხილვის დროს დააყენეთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

„თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია, ან ინციდენტი იყოს თავიდან არიდებული,“ - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა. ამის შემდეგ მას კომიტეტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა.

ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ კანონპროექტის სასესიო განხილვა ხვალ, 30 აპრილს არის ჩანიშნული და მოუწოდა, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დღესვეა დაგეგმილი სესიაზე საკითხის გატანა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო. მანამდეც და მას შემდეგაც საქართველოს პარლამენტთან პერმანენტულად ტარდება ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები.

ორშაბათს, 29 აპრილს, მმართველი პარტია რუსთაველის გამზირზე კონტრაქციას გეგმავს. პარტიის ლიდერებმა აქციაზე „ქუდზე კაცს“ უხმეს.