თბილისი (GBC) - ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა სამშაბათს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჩიქოვანი გადადგომის მიზეზს არ ასახელებს და ამბობს, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის ერთგულ წევრად.

„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ჩიქოვანი.

ჩიქოვანი თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.  2020 – 2021 წლებში კი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.