თბილისი (GBC) - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია 13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში (MSC) მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, MSC არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.
„წელს კონფერენციაში, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიო, გერმანიის კანცლერი - ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა 2021 წლის 29 მაისს, "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას მიერ.
მანამდე, 2017 წლის 13 ნოემბრიდან – 2019 წლის 3 სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი. 2019 წლის 3 სექტემბრიდან – 2021 წლის 18 თებერვლამდე, გიორგი გახარიას ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.
2021 წლის 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა. მიზეზად დაასახელა შეუთანხმებლობა გუნდთან ნიკა მელიას (მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე) დაკავების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ კანონის აღსრულება არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების უსაფრთხოების რისკის ფასად.
ამ ნაბიჯის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მას საჯაროდ უწოდა „მოღალატე“, რამაც საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი გახარიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.
გიორგი გახარიაზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალურად 2025 წლის 12 ნოემბერს გამოცხადდა. საქმე ეხება 2019 წლის მოვლენებს, კერძოდ, „გავრილოვის ღამეს“ და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდებს.
2025 წლის 13 ნოემბერს, თბილისის სასამართლომ ჩორჩანას საქმეზე მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ამჟამად გერმანიაში იმყოფება.