თბილისი (GBC) – რუსეთის ექს–პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთში მკვეთრად უნდა გაიზარდოს „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსის მატარებელი ადამიანების რაოდენობა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას.

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ცვლილებების შეტანა კანონში „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირდა საქმიანობის კონტროლის შესახებ“. მისივე აზრით, ეს კანონი შეიძლება შეივსოს ამერიკული კანონის მუხლებით უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA).

„მაგალითად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს უცხო ქვეყნის აგენტებზე, როგორც ეს აშშ–შია. და თანდათანობით აგენტების რიცხვი ათასებამდე უნდა გავზარდოთ, როგორც მათ აქვთ. ეს საცოდავი ასეულები რა არის? ღირსეული კანდიდატებიც არსებობენ. ეძებეთ! კარგად ეძებეთ!“, – წერს სოციალურ ქსელში მედვედევი.

რუსული კანონი „აგენტების“ შესახებ ისედაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დღეისთვის რუსეთის ციხეებში ამ კანონით გასამართლებული უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს.

„აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში პირველად 2012 წელს გამოჩნდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდებოდა. ეს კანონი მედიასაშუალებებს უკვე 2017 წელს შეეხო, 2019 წელს კი ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმად აგენტის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.