თბილისი (GBC) - „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, 24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე ამერიკული FARA-ს ქართულენოვანი თარგმანი დაარეგისტრირეს. დოკუმენტი საჯაროდ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. „ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ ესაა ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი – უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი. არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „FARA“-ს სიტყვასიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით დასრულებულია ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი".

პაპუაშვილის თქმით, ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ე.წ. თრექჩეინჯით დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. "ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, შესაბამისად, უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.

“კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ „კონგრესს“, „კონგრესის ბიბლიოთეკას“, „სახელმწიფო დეპარტამენტს“, „იუსტიციის დეპარტამენტს“, „ხაზინის მდივანს“, „ოლქის გენერალურ დირექტორს“, „აშშ-ს პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც.

ასევე, კანონს მხოლოდ ერთი - “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ “პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პარლამენტში ამერიკული კანონის სიტყვასიტყვით თარგმანის ინიციირება, რათა შემდეგ არ იყოს თარგმანში დაკარგვის მცდელობებიც კი“.

“აი, ეს არის ზუსტი თარგმანი და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ, წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და უკეთესი თარგმანი.

რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, საჭირო იქნება დამატებით იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

როგორც არის - პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე გავაკეთეთ მითითება და ქართულად დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი ვთარგმნეთ, რათა არ იყოს ინსინუაციები, რომ რეგულაცია განსხვავებულია. ვართ ღია არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ - დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან.

ჩვენი მიზანია, შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით - იმ ფორმითა და იმ ზომით, რაც აშშ-ში მოქმედებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.