თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საუბრისას ოპოზიციის ლიდერების მისამართით მკაცრი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, იმ პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებისა და „განცხადებების წვიმის“ გამოწვევას ცდილობენ, პოლიტიკური გაგებით ღალატად უნდა შეფასდეს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც პირი საკუთარ ქვეყანას ებრძვის და უცხოურ ძალებს მისი ინტერესების საზიანოდ იყენებს, ის მტრული პოლიტიკის გამტარებელია. მან პარალელი ისტორიულ ფიგურებთანაც გაავლო და განაცხადა, რომ მათ ისევე დაერქმევათ „მოღალატე“, როგორც თავის დროზე ბაღვაშებს, ლიპარიტებსა და ორჯონიკიძეებს დაერქვათ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ პოლიტიკოსებმა „პოლიტიკური სასჯელი“ უკვე მიიღეს, რაც არჩევნების შედეგებში აისახა.

პაპუაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულ სანქციებს „ლუსტრაციის ეფექტი“ ჰქონდა. მისი თქმით, ბრიუსელისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ქცევამ ქართველ ხალხს დაანახა, თუ ვინ არის რეალური მეგობარი. მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელმა პოლიტიკამ აჩვენა კავშირის არარსებობა მათ ქმედებებსა და დეკლარირებულ ღირებულებებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს წარუდგინა. გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, რისთვისაც სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდებები წარედგინათ ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. მიხეილ სააკაშვილს კი ბრალი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდების მუხლით აქვს წარდგენილი.

ამ ეტაპზე, სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, ხოლო გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს - 30 000 ლარი.