თბილისი (GBC) - აშშ-ის კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ჯო უილსონმა, საქართველოში არსებულ ვითარებას „დიქტატურა“ უწოდა და მმართველი პარტია ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის (CCP) გადაცემაში დაადანაშაულა.
კომისიაში გამართულ მოსმენაზე, რომელიც ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციას ეხებოდა, უილსონმა განაცხადა, რომ თბილისი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული პეკინის ტექნოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე.
კონგრესმენის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობამ გამოიყენა ავტორიტარული მეთოდები პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად.
„ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი და არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, - აღნიშნა უილსონმა.
კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ადრე რუსეთი იყო ივანიშვილის „სიმდიდრის წყარო“, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელსაც კონგრესმენმა „მიტაცებული“ უწოდა, მმართველ გუნდს ჩინეთი აწვდის სათვალთვალო ტექნოლოგიებსა და პროპაგანდისტულ რესურსებს.
ჯო უილსონმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „შუა დერეფანს“- სტრატეგიულ სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. მისი მტკიცებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ საფრთხე შეუქმნა ამერიკის ინტერესებს რეგიონში.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციისთვის. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ინფრასტრუქტურა ჩინეთს ჩააბარა. ამერიკის წვდომა ამ დერეფანზე ახლა არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება“, - განაცხადა მან.
კონგრესმენის შეფასებით, ქვეყანა, ფაქტობრივად, „ვალის მონობაში“ აღმოჩნდა, რაც ჩინური ინვესტიციების თანამდევი პოლიტიკური იძულების შედეგია.
ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობები მკვეთრად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დაიძაბა. აშშ-ის ოფიციალური პირები არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლასა და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გამო, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმის ჩართვის კონტექსტში.