თბილისი (GBC) - ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი. დააგვიანა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა.

3 დღის წინ დანიშნული განათლების ახალი მინისტრი, გივი მიქანაძე თბილისის 39-ე და 177-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა.

"სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, სრულად არის მობილიზებული, რომ გამოცდები ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული გამოცდების ჩატარების უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის დამკვიდრებული“, - განაცხადა მიქანაძემ.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

2025 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
  • მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. 2025 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.