თბილისი (GBC) - იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ  $914.8 მლნ. შეადგინა, რაც 20.3 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 54.3 %-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6 %-ით შემცირდა და $497.2 მლნ. გაუტოლდა.

იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.2 % შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($107.0 მლნ.), ჩინეთი ($106.1 მლნ. ) და თურქეთი ($57.1 მლნ.).

იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $143.3 მლნ. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.8 %-სს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $71.7 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.4 %), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები $34.4 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 %).