თბილისი (GBC) – შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით საქართველოში მოტოციკლეტისტის მონაწილეობით ავარიების რაოდენობა გაიზარდა და გასულ წელს 649 შემთხვევას მიაღწია, მაშინ როდესაც, 2022 წელს - 242 შემთხვევა, 2021 წელს - 241, 2020 წელს - 177, ხოლო 2019 წელს 161 შემთხვევა დაფიქსირდა.

შს სამინისტროს მტკიცებით, გასულ წელს, მოტოციკლეტისტის მონაწილეობით მომხდარ ავარიებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 682 - დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოში 5594 ავარია მოხდა, რაც 2022 წლის შემთხვევების რაოდენობას (5469) აჭარბებს. 2021 წლის სტატისტიკასთან (5863) შედარებით კი, შემცირებულია.

ამასთან, გასულ წელს ავარიების შედეგად დაიღუპა 442 ადამიანი, ხოლო 7310 დაშავდა. 2023 წელს ავარიების ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა (356 შემთხვევა) იყო. შემდეგ მოდის მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება (349) და დისტანციის დაუცველობა (349).