თბილისი (GBC) - თბილისის მერიის მილიონიანი ტენდერში შპს „მოლიმ“ გაიმარჯვა. ტენდერში წინადადებების მიღება 13 მარტს დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. ტენდერში „მოლი“ ერთადერთი კანდიდატი იყო.

ტენდერი მოიცავს, ჰიდროთესვის მეთოდით, მწვანე გაზონის მოწყობას. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ტენდერის საწყისი ღირებულება განსაზღვრული იყო  1 მლნ ლარით. „მოლი“ ამ სამუშაოებს 3%-ით დაბალ ფასში 974 ათას ლარად შეასრულებს.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, ჰიდროთესვა განხორციელდება სხვადასხვა სირთულის ტერიტორიებზე, სხვადასხვა გარემო პირობებში. აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს ბალახის ჯიშების შერჩევისას. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1 დღეში არანაკლებ 500 მ2 მიწის მოსწორება და არანაკლებ 1000 მ2-ზე ბალახის თესვა ჰიდროთესვის მეთოდით.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე კანდიდატს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გამოცხადებული ტენდერის ღირებულების 100%-ის  ჰიდროთესვის გამოცდილება.

შპს „მოლი“ დარეგისტრირებულია 2012 წელს. კომპანიის მფლობელი მამუკა ფირანიშვილია.