თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $6.15 მლრდ შეადგინა, რაც 19.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 61%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.3%-ით გაიზარდა და $3.75 მლრდ-ს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • ჩინეთი - $566.8 მლნ
  • რუსეთი - $523.2 მლნ
  • თურქეთი - $323.1 მლნ

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $762.6 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 464 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.4%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $239 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4%).