თბილისი(GBC) - შპს ,,ირლანი’’  თბილისის და გორის მერიების ტენდერებში  ფავორიტია.

ორივე ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა, თუმცა ორივე მათგანში ირლანი ერთადერთი კანდიდატია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებული 3.9 მლნ ლარის ტენდერი მოიცავს გორში, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან პარკ ახალბაღის ტერიტორიამდე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობას. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 26 სექტემბერს დასრულდა.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

რაც შეეხება თბილისის მერიის ტენდერს, წინადადებების მიღება აქაც 26 სექტემბერს დასრულდა. ტენდერი მოიცავს თბილისში, კრწანისის რაიონში, გ. ნიკოლაძის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას. ტენდერის ღირებულება კი 1.7 მლნ ლარია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შპს ,,ირლანს’’ 2022 წლის განმავლობაში 2 მლნ-მდე ლარის ტენდერებში აქვს გამარჯვება მოპოვებული.

ტენდერების მონიტორის მიხედვით კი კომპანიას 4.6 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

„ირლანი“ დაარსდა 2015 წელს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გენადი აკოფაშვილია.